ტყიბულში დაშავებულთაგან ორი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
ტყიბულში დაშავებულთაგან ორი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

ორი პაციენტი რჩება დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. ორივეს აღენიშნება დამწვრობითი შოკის მოვლენა. შოკიდან ჯერჯერობით არ არიან გამოსულები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ორივეს საკმაოდ სერიოზული დიაგნოზი აღენიშნება.

„პაციენტებს, რომლებიც რეანიმაციის განყოფილებაში არიან მოთავსებულნი, საკმაოდ სერიოზული დამწვრობები აღენიშნებათ. ორივესთან ღრმა, მესამე ბე ხარისხის დამწვრობებია მტევნებზე და სახის მიდამოებში“, – აღნიშნა ქაშიბაძემ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვთ დანარჩენ დაშავებულებს.

„დანარჩენ ორ პაციენტს რაც შეეხება, ერთი გადაყვანილია ნევროლოგიურ განყოფილებაში, კომოციის დიაგნოზით, მისი დამწვრობა არის ძალიან ზედაპირული და პრაქტიკულად, ძალიან მცირე უბანზე აღენიშნება. მეორე პაციენტი მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში მუცლის ტკივილით. მასაც დამწვრობა ძალიან მცირე ფართობზე აქვს. აქაც საბედნიეროდ ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

მისივე თქმით, პაციენტებს, რომლებსაც შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვთ, რამდენიმე დღე დასჭირდებათ დაკვირვებისა და მკურნალობისთვის.

ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას დღეს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.