ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ოჯახებს დავით ბეჟუაშვილმა მიუსამძიმრა
ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ოჯახებს დავით ბეჟუაშვილმა მიუსამძიმრა

ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ოჯახებს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელმა, დავით ბეჟუაშვილმა მიუსამძიმრა.

როგორ ბეჟუაშვილმა აღნიშნა, მომხდარი ტრაგედიაა მთელი საქართველოსთვის.

„დიდი ტრაგედიაა დღეს ჩვენს საერთო დიდ ოჯახში. ამ ტრაგედიამ ჩვენს საერთო ოჯახს ექვსი შვილი გამოაცალა. დიდი ტრაგედიაა ტყიბულისთვის და მთელი საქართველოსთვის“, – განუცხადა პირველ არხს დავით ბეჟუაშვილმა.

მისი თქმით, ფაქტის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სამი მეშახტე. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.  როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.