ტყიბულში 3 500-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ტყიბულში 3 500-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ტყიბულში თოვლმა პრობლემები შექმნა. დაზიანებების გამო, ელექტროენერგია 3 500-მდე აბონენტს არ მიეწოდება.

თოვლის საფარი მაღალია და ზედა ზონის სოფლებში 70-100 სმ-ს აღწევს.

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისათვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები როგორც ცენტრალური, ქუთაისი-ტყიბულის საავტომობილო გზაზე, ასევე სოფლების შიდა გზებზე.

„ენერგოპრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით კი, დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო, ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლებს: კურსები, ნაბოლები, ხრესილი, საწირე და სხვა. კომპანიის ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს დაზიანებების აღმოსაფხვრელად. ამასთან, ბრიგადები ტყიბულში სამტრედიიდან, ონიდან და ცაგერიდანაც ჩავიდნენ. ენერგომომარაგება სავარაუდოდ, დღის ბოლომდე განახლდება.

ტყიბულში იმყოფება იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.

თოვლია იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში.