ტყეში მუშაობისას კარტოგრაფმა შემთხვევით ბრინჯაოს ხანის განძი იპოვა — #1tvმეცნიერება
ტყეში მუშაობისას კარტოგრაფმა შემთხვევით ბრინჯაოს ხანის განძი იპოვა — #1tvმეცნიერება

რუკებზე მომუშავე შვედმა ენთუზიასტმა აპრილის დასაწყისში ბრინჯაოს ხანის 50 რელიკვია იპოვა; ზოგიერთი არტეფაქტი 2500 წლის წინანდელია.

განძი ძირითადად სამკაულებისგან შედგება და მოხალისემ დასავლეთ შვედეთის პატარა ქალაქ ალინგსასის სიახლოვეს აღმოაჩინა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეს გახლავთ მათ ქვეყანაში აღმოჩენილი ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი და უდიდესი ბრინჯაოს ხანის კოლექცია.

რელიკვიების დიდი ნაწილი ძვ. წ. 750-500 წლებს შორის პერიოდს ეკუთვნის; მათ შორის არის საკმაოდ კარგად შემონახული ბრინჯაოს ყელსაბამები, ჯაჭვები და ნემსები.

არტეფაქტები ტყეში ღიად ეყარა, ქვებს შორის.

„სავარაუდოდ, ლოდებს შორის ხვრელებიდან ისინი ცხოველებმა ამოთხარეს“, — აღნიშნავს სამთავრობო სააგენტო.

კარტოგრაფმა ტომას კარლსონმა, რომელმაც რუკის განახლებაზე მუშაობისას ეს ნივთები იპოვა, თავდაპირველად იფიქრა, რომ ისინი ნაგავი იყო.

„ჯართს ჰგავდა. პირველად ვიფიქრე, რომ იქ ძველი ლამფა ეგდო, მაგრამ როდესაც ხელში ავიღე, შიგ სპირალი და ყელსაბამი იდო. ძალიან ახლად გამოიყურებოდა. ჩავთვალე, რომ ყალბი იყო“, — ამბობს კარლსონი.

აღმოჩენის შესახებ მან ადგილობრივ ხელისუფლებას შეატყობინა, რომელმაც ადგილზე არქეოლოგთა ჯგუფი გაგზავნა.

„ნივთების უმეტესობა ბრინჯაოსია და ასოცირდება ბრინჯაოს ხანის მაღალი სტატუსის ქალებთან. მათ სხეულის სხვადასხვა ნაწილის მოსართავად იყენებდნენ, მაგალითად, ყელსაბამებს, ბრასლეტებსა და წვივის ბრასლეტებს, მაგრამ არტეფაქტებს შორის ასევე არის ნემსები და სადგისები, რომლებსაც ტანსაცმლის სამაგრებად იყენებდნენ“, — წერს განცხადებაში გეტებორგის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორი იოჰან ლინგი.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.