თვითმმართველობის კომიტეტი ქალაქის იერსახის დამახინჯებისა და ქართული წარწერების გამოუყენებლობისთვის ჯარიმების გაზრდაზე იმსჯელებს
თვითმმართველობის კომიტეტი ქალაქის იერსახის დამახინჯებისა და ქართული წარწერების გამოუყენებლობისთვის ჯარიმების გაზრდაზე იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს განიხილავენ.

კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ კანონში ცვლილებები ​​ნგრევადი და სიცოცხლისათვის საშიში სახლების შემთხვევაში ეფექტიან ჩარევას უზრუნველყოფს.

„ჩვენ შეგვაქვს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უფრო ეფექტურად უნდა განხორციელდეს დროსა და სივრცეში ავარიული სახლებისა და რეაბილიტაციის პროცესი, რათა დღეს არსებულ გამოწვევას უფრო ეფექტურად ვუპასუხოთ იმ საკანონმდებლო ბაზით, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურად ჩარევას ნგრევადი და სიცოცხლისათვის საშიში სახლების შემთხვევაში. ერთის მხრივ, გადარჩეს ეს სახლები, მეორე მხრივ კი მოსახლეობამ, ამ ფართების მესაკუთრეებმა მიიღონ კეთილმოწყობილი საცხოვრებელი გარემო“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, ის ქალაქის იერსახის დამახინჯებისა და აბრებზე ქართული წარწერების გამოუყენებლობის შემთხვევაში, სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, ჯარიმის გაზრდა 50 ლარიდან 500 ლარამდე იგეგმება. განმეორებით შემთხვევაში კი ჯარიმა შესაძლოა, 2 000 ლარამდეც გაიზარდოს.

„რაც შეეხება მეორე პაკეტს, აქ არის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ჩვენ გვეგმავთ, რომ სანქციები გამკაცრდეს ქალაქის იერსახის დამახინჯებაზე, მათ შორის ქართული ენის გამოუყენებლობის შემთხვევაში სარეკლამო აბრებზე. პრაქტიკაში გვაჩვენა ამ ცვლილებების საჭიროება იმან, რასაც დღეს ჩვენს ქალაქში ვხედავთ. ჩემი აზრით, აუცილებელია, იყოს სხვა ტიპის ნორმები, მათ შორის სანქციების ნაწილში, რათა ჩვენ ეფექტურად შევძლოთ ამ პოლიტიკის მართვა. მეორე მხრივ, ქალაქი დავაზღვიოთ იერსახის დაზიანებისაგან და შელახვისაგან“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა 11:00 საათზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი