თვითმფრინავს, რომელიც ირანში ჩამოვარდა, ტექნიკური პრობლემები ჰქონდა
თვითმფრინავს, რომელიც ირანში ჩამოვარდა, ტექნიკური პრობლემები ჰქონდა

ირანში ჩამოვარდნილ სამგზავრო ლაინერს ტექნიკური პრობლემები ჰქონდა – ამის შესახებ სააგენტო ISNA იტყობინება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული საჰაერო ხომალდი ერთი თვის წინ ტექნიკური გაუმართაობის გამო იძულებული გახდა, ავარიული დაშვება განეხორციელებინა.

სამგზავრო ლაინერი თეირანიდან იასუჯში მიფრინავდა. მისი სიგნალი რადარებიდან აფრენიდან 50 წუთში გაქრა. როგორც ირანული მედია წერს, თვითმფრინავი ATR 72-500 სავარაუდოდ, მთას შეეჯახა. ის ისპაჰანის პროვინციაში, დასახლებულ პუნქტ სემირომისთან ახლოს ჩამოვარდა.

ავიაკომპანია Aseman Airlaines-ის ცნობით, ბორტზე მყოფი 66 ადამიანი დაიღუპა. სამაშველო ოპერაციას მთიან რეგიონში არსებული მძიმე მეტეოროლოგიური პირობები აფერხებს.

ადგილზე ვერტმფრენი ვერ დაეშვა, ამიტომ, მაშველები მანქანებით მივიდნენ კატასტროფის ადგილზე.

ავიაკომპანიის ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.

ამჟამად, გარდაცვლილთა ახლობლები თეირანის აეროპორტში იკრიბებიან.