თვითმფრინავი, რომლის ბორტზე დაშავებული ჰუსიტი ამბოხებულები არიან, იემენიდან ომანში ჩაფრინდა
თვითმფრინავი, რომლის ბორტზე დაშავებული ჰუსიტი ამბოხებულები იმყოფებიან, იემენიდან ომანში ჩაფრინდა. როგორც სააგენტო Reuters-ი ჰუსიტების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, თვითმფრინავი მასკატის აეროპორტში უკვე დაეშვა.
იემენიდან დაჭრილი შიიტი ჰუსიტების ევაკუაცია ამბოხებულების მიერ წაყენებული ერთ-ერთი პირობა იყო, რათა მათ შვედეთში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიიღონ მონაწილეობა. Reuters-ის ცნობით, ჰუსიტ ამბოხებულთა წარმომადგენლები შვედეთში სავარაუდოდ 5 დეკემბერს ჩავლენ.
საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა არაბულმა კოალიციამ იემენიდან დაჭრილი ამბოხებულების ევაკუაციის გადაწყვეტილება გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის, მარტინ გრიფიტსის თხოვნის საფუძველზე მიიღო. შეთანხმების თანახმად, გაერო-ს თვითმფრინავით ომანის დედაქალაქში 50 მებრძოლის ტრანსპორტირება იყო დაგეგმილი.
გაერო-ს შუამავლობით, საუდის არაბეთისგან მხარდაჭერილ მთავრობას და ამბოხებულებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს. 2014 წელს დაწყებულმა ომმა იემენში ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა.