თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ლიდერმა, ვადიმ კრასნოსელსკიმ ეკონომიკის სფეროში საგანგებო მდგომარეობის შემოღების ბრძანება გამოსცა
თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ლიდერმა, ვადიმ კრასნოსელსკიმ ეკონომიკის სფეროში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ ბრძანება გამოსცა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეს დაკავშირებულია რეგიონში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერების საფრთხესთან.
კრასნოსელსკის ბრძანების მიხედვით, საგანგებო მდგომარეობა 30 დღე იქნება ძალაში.
ამ პერიოდში თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ყველა საწარმომ რაციონალურად უნდა გამოიყენოს ბუნებრივი აირი და სხვა ენერგორესურსები.
ამასთან, დაწესდება ენერგორესურსების ექსპორტის აკრძალვა და შეიზღუდება ფინანსური და გარკვეული ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის, ფინანსური სახსრების, საქონლის გადაადგილება და მომსახურების გაწევა.
კრასნოსელსკის ბრძანება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს. ამ საკითხს 11 დეკემბრის სხდომაზე განიხილავენ.
ცნობისთვის, უკრაინა არ აპირებს რუსული ბუნებრივი აირის ევროპის ქვეყნებში ტრანზიტის ხელშეკრულების გაგრძელებას. ხელშეკრულების მოქმედება 2025 წლის პირველ იანვარს იწურება. მოლდოვა რუსეთიდან ბუნებრივ აირს იღებს იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც 2026 წლის ბოლომდე მოქმედებს. 2022 წლის შემოდგომიდან „გაზპრომმა“ გაზის მიწოდება დღეში 5.7 მლნ კუბურ მეტრამდე შეზღუდა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მოლდოვას ზამთრის პერიოდში ესაჭიროება.
შედეგად, გასული წლის ბოლოდან მთელი რუსული აირი დნესტრისპირეთს მიეწოდება, სადაც ის გამოიყენება ელექტროენერგიის გენერაციისთვის, ხოლო დარჩენილი ნაწილი – საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებებისთვის.
25 ნოემბერს მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრი ვიქტორ პარლიკოვი სანკტ-პეტერბურგში „გაზპრომის“ ხელმძღვანელს, ალექსეი მილერს შეხვდა და უკრაინის გავლით ტრანზიტის შეწყვეტის შემდეგ მოლდოვაში აირის მიწოდების საკითხი განიხილა.
სანკტ-პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ პარლიკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „გაზპრომი“ მზადაა, ბუნებრივი აირი დნესტრისპირეთს ალტერნატიული მარშრუტით მიაწოდოს. თუმცა რუსულმა მხარემ მიანიშნა, რომ ეს საკითხი Moldovagaz-ის ისტორიული დავალიანების გადახდასთან არის დაკავშირებული. მოლდოვა აღიარებს საერთაშორისო აუდიტის შედეგებს, რომლის მიხედვით, დავალიანება 8.6 მლნ დოლარს შეადგენს. რუსული მხარე არ ეთანხმება დასკვნებს. „ახლა მათ უნდა წარმოადგინონ საკუთარი ხედვა. მე ოფიციალურ დოკუმენტს ველოდები“, – განაცხადა პარლიკოვმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით კრიზისის რისკი კვლავ რეალურია.
თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ე.წ. საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ოფიციალურ კიშინეუს დაეკისრება.