„ტვიტერმა“ ტრამპის კომენტარი, სადაც ის არჩევნებში გამარჯვების შესახებ წერს, შეცდომაში შემყვან ჩანაწერად მონიშნა
„ტვიტერმა“ ტრამპის კომენტარი, სადაც ის არჩევნებში გამარჯვების შესახებ წერს, შეცდომაში შემყვან ჩანაწერად მონიშნა

„ტვიტერმა“ ტრამპის კომენტარი, სადაც ის არჩევნებში გამარჯვების შესახებ წერს, შეცდომაში შემყვან ჩანაწერად მონიშნა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნების ღამეს მიკრობლოგ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე რამდენიმე ჩანაწერი გააკეთა. ერთ-ერთ მათგანში ტრამპი აცხადებს, რომ მან „დიდ გამარჯვებას“ მიაღწია. ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ეს გამარჯვება შეიძლება მოიპარონ“.

ამ ჩანაწერს „ტვიტერის“ მყისიერი რეაგირება მოჰყვა. ჩანაწერის გახსნამდე სოციალური ქსელის მესვეურები აფრთხილებენ მომხმარებლებს, რომ „ტრამპის კომენტარის შინაარსი ან მისი ნაწილი მაინც სადავოა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა შეუძლია“.

„ტვიტერში“ განაცხადეს, რომ პრეზიდენტის კომენტარის მონიშვნის მიზეზი ფოსტით მიცემული ხმებია, რომელთა დათვლაც არჩევნების დღის მერეც გრძელდება და ამ ხმებს შეუძლია შედეგის შეცვლა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ფოსტით ხმის მიცემისა და წინასწარ ხმის მიცემის უფლებით დაახლოებით 100 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა. ამ ხმების დათვლა ზოგიერთ „მერყევ“ შტატში დღეს დაიწყო და შედეგების გამოცხადება სავარაუდოდ გაჭიანურდება.