თვითდასაქმებულთა ნაწილისთვის 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა ამოიწურა
თვითდასაქმებულთა ნაწილისთვის 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა ამოიწურა

თვითდასაქმებულთა ნაწილისთვის 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. 15 ივლისამდე კვლავ შეძლებენ რეგისტრაციას იმ კატეგორიის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ სეზონურად მუშაობდნენ. კომპენსაციის მისაღებად მოქალაქეებს არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ ევალებათ, გარდა საზღვრის კვეთის დამადასტურებელი ინფორმაციის წარდგენისა.

დღეისთვის სახელმწიფოს დახმარება პანდემიის პერიოდში დაზარალებულმა 160 ათასამდე თვითდასაქმებულმა პირმა უკვე მიიღო. 26 ივნისიდან კი, კომპენსაციის მიმღებ ბენეფიციართა წრე გაფართოვდება და ის დასაქმებულები, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში საქმდებოდნენ, დახმარებას ეტაპობრივად მიიღებენ.

„ადამიანებს, რომლებიც 2019 წლის განმავლობაში სეზონურად მუშაობის მიზნით, მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით, 30-დან 120 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, 15 ივლისამდე აქვთ რეგისტრაციის შესაძლებლობა. ასევე, მეორე კატეგორია არის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობდნენ, კვეთდნენ საზღვარს მუშაობისა და თვითდასაქმების მიზნით და 2019 წლის განმავლობაში საზღვრის 60 გადაკვეთა უფიქსირდებათ. მათ არანაირი დამატებითი საბუთის წარდგენის ვალდებულება არ აქვთ გარდა იმისა, რომ მათი პასპორტის გვერდის ან პირადობის მოწმობის ფოტოსურათი წარადგინონ და ატვირთონ რეგისტრაციის პორტალზე.

ასევე, რამდენიმე ადამიანს დაეგზავნა დაზუსტებისთვის ინფორმაცია, ესემესი მიუვიდათ და ჩვენ ვთხოვეთ, დააზუსტონ ის ინფორმაცია ან ისეთი დოკუმენტები, რომლებიც არ იკითხება“, – აცხადებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრია მოადგილე თამარ ბარკალაია.