ტვირთების საბაჟო მონიტორინგთან დაკავშირებით ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს
ტვირთების საბაჟო მონიტორინგთან დაკავშირებით ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

საქართველო-რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო მონიტორინგთან დაკავშირებით ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების განცხადებით,  ჟენევაში 6 თებერვალს 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელებაზე ზედამხედველი, ერთობლივი კომიტეტის პირველი შეხვედრა შედგა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შვეიცარიის თავმჯდომარეობით საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის მონაწილეობით ერთობლივი კომიტეტის ამოცანებია, ზედამხედველობა გაუწიოს 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე გადაწყვიტოს შესაძლო სადავო საკითხები და საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს სპეციალისტები.

„ორი სახელმწიფო მხარის მიერ ნდობით აღჭურვილმა ნეიტრალურმა კერძო კომპანიამ „ესჯიეს“ (SGS) შეხვედრის განმავლობაში, მისი მანდატის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ მოკლე მოხსენება წარმოადგინა“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და ასევე, მითითებულია, რომ  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობა ახლად შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაგრძელდება.

საქართველო-რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო მონიტორინგს 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს. მონიტორინგი შვეიცარიულმა კომპანიამ „ესჯიეს“ (SGS) უნდა განახორციელოს.