ტვირთების საბაჟო მონიტორინგის თემაზე, ჟენევაში ქართულ-რუსულ-შვეიცარიული ერთობლივი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება
ტვირთების საბაჟო მონიტორინგის თემაზე, ჟენევაში ქართულ-რუსულ-შვეიცარიული ერთობლივი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება

ტვირთების საბაჟო მონიტორინგის თემაზე, ჟენევაში ქართულ-რუსულ-შვეიცარიული ერთობლივი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ქართული მხრიდან შეხვედრაში შემოსავლების სამსახურის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

შეხვედრასთან დაკავშირებით, რუსულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციებს, მათ შორის განცხადებებს, რომ 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის შედეგად, შესაძლოა ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ტვირთების ტრანზიტი დაიწყოს, პირველ არხთან საუბარში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა.

„იმედი მაქვს, არ ავყვებით სხვა ქვეყნის პროპაგანდისტულ რიტორიკას და დაველოდებით შეხვედრის შედეგებს. ქართული მხარე იმოქმედებს 2011 წლის შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებზე დაყრდნობით“, – განუცხადა პირველ არხს აბაშიძემ.

მისივე თქმით, იწყება 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის ეტაპი და ქართული მხარე სწორედ წლების წინ გაფორმებული დოკუმენტის შესაბამისად მოქმედებს.

„როგორც 2011 წლის შეთანხმების სახელწოდებიდანაც ჩანს, საუბარია ორ ქვეყანას – საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებასა და მონიტორინგზე, რასაც განახორციელებენ შვეიცარიული კერძო კომპანიის წარმომადგენლები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არ არის საუბარი მებაჟეებზე, საუბარია კერძო კომპანიის ექსპერტებზე. შეთანხმებით საკმაოდ ზუსტადაა განსაზღვრული, თუ სად უნდა განთავსდეს მონიტორთა ტერმინალები და ამის თაობაზე არსებობს კონკრეტული მოცემულობა“, – აღნიშნავს აბაშიძე.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ტვირთების ტრანზიტის შესაძლო დაწყებაზე, აბაშიძე განმარტავს, რომ შეთანხმება არ გულისხმობს დერეფნების ავტომატურ გახსნას.

„ეს შეთანხმება არ გულისხმობს ამ დერეფნების ავტომატურ გახსნას. საუბარია ტვირთების მონიტორინგზე, თუკი რამე გაივლის საქართველოსა და რუსეთს შორის. ზოგადად, ამ კორიდორების გახსნა-არგახსნა სხვა საკითხია, და თუ მომავალში მიიღება გადაწყვეტილება ამის შესახებ, ეს ცალკე პოლიტიკური ნაბიჯი იქნება“, – დასძინა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველო-რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო მონიტორინგს 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს. მონიტორინგი შვეიცარიულმა კომპანიამ „ეს ჯი ეს“ (SGS) უნდა განახორციელოს.

2011 წელს საქართველო-რუსეთს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების დეტალები, რომელიც ითვალისწინებს კერძო შვეიცარული კომპანიის მიერ საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგს, გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განმარტა. მისი თქმით, აღნიშნულ შეთანხმებას არანაირი კავშირი არ აქვს რაიმე სახის საბაჟო ტერმინალების განთავსებასთან.

დავით ზალკალიანი გამოეხმაურა ასევე რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნა იგეგმება. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია მცდარია და მას მიზანმიმართულად ავრცელებს რუსული მედია, რომელსაც ზალკალიანის თქმით, მხარს უჭერენ საქართველოში მმართველი ხელისუფლების ოპონენტები.