თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ შენობები არ არის ავარიული და უარს ამბობენ გამოსახლებაზე
თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ შენობები არ არის ავარიული და უარს ამბობენ გამოსახლებაზე.
მათი თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრაზე არავინ მისულა, მათთან ინტენსიური მოლაპარაკებები არცერთ უწყებას არ უწარმოებია.
„ჩვენ თურმე ამბიცია გვაქვს, რომ 100 კვადრატულიდან 300 კვადრატულამდე ფართებს ვითხოვთ, რაც ტყუილია. არანაირი სახელმწიფო სამსახური ჩვენთან შეხვედრაზე არ მოსულა, არც დავუბარებივართ. ეს ყველაფერი არის ცრუ ინფორმაცია. არ არის ეს ავარიული. ეს ყველაფერი ჩვენი ხელით არის გაკეთებული. ბლოკს ბლოკზე ვდებდით, ვასუფთავებდით. წამოდით ჩემს კორპუსში, სადაც ქირით ვიყავი, ისნის რაიონში, გაჩვენებთ როგორ დაბზარულ კორპუსში ცხოვრობს ხალხი“, – განაცხადა დარეჯან ჯალაღონიამ.
ამასთან, გამოსახლების პროცესის დაწყების შემთხვევაში მისამართზე მცხოვრები რამდენიმე ადამიანი სახურავიდან გადმოხტომით იმუქრება.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში მიმდინარე აღსრულების პროცესის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია. აღსრულების ბიუროს ცნობით, ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება.
ამასთან, აღსრულების ბიურო მოუწოდებს „უკანონოდ შეჭრილ პირებს, შეასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება, მიიღონ შეთავაზებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიურო ვალდებულია, აღასრულოს გადაწყვეტილება“.