თუშიშვილმა რინერს გადაასწრო - ქართველების წინსვლა რეიტინგში
თუშიშვილმა რინერს გადაასწრო - ქართველების წინსვლა რეიტინგში

სანკტ-პეტერბურგის “მასტერსის” შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა. რუსეთში ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს და ეს კლასიფიკაციაში მათ მდგომარეობაზე აისახა.

მძიმე წონაში გურამ თუშიშვილი ერთი ადგილით ზემოთ ავიდა და მეორე პოზიციაზეა 4580 ქულით. რაც მთავარია, ქართველმა ლეგენდარულ ფრანგს ტედი რინერს გაუსწრო და მხოლოდ ბრაზილიელ დავიდ მოურას (5710 ქულა) ჩამორჩება, რომელსაც სანკტ-პეტერბურგში ფინალში აჯობა.

ასევე მეორე ადგილზე გადაინაცვლა 100 კილოგრამში ვარლამ ლიპარტელიანმა. სანკტ-პეტერბურგში გამარჯვების შემდეგ, მან 4732 ქულა დააგროვა და 104 ქულით ჩამორჩება ჰოლანდიელ მიხაელ კორელს. ეს ის მეტოქეა, რომელსაც ლიპარტელიანმა ფინალში დამაჯერებლად მოუგო.

რვა ადგილი მოიგო და მეორე პოზიციაზე გადავიდა ბექა ღვინიაშვილი (90 კგ). სანკტ-პეტერბურგში მოპოვებული ოქროს წყალობით, მას 4150 ქულა დაუგროვდა. ამ წონით კატეგორიაში ლიდერი სერბი ალექსანდარ კუკოლია 4418 ქულით.