თუშეთთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა [ვიდეო]

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი გახდა. იქ, სადაც მეწყრული პროცესებისგან ხელოვნური ტბა იყო წარმოქმნილი და გზა წყლით იყო დაფარული, ფერმერებმაც მოახერხეს მსხვილფეხა პირუტყვის გადაყვანა.

როგორც საქართველოს პირველ არხს თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, ლადო კახოიძემ განუცხადა, ტბიდან წყლის გაშვება მას შემდეგ მოხერხდა, რაც საგზაო დეპარტამენტმა 40 ტონიანი მძიმე ტექნიკის მობილიზება მოახდინა.

,,ექსკავატორმა მდინარის კალაპოტში შეასრულა სამუშაოები და წყლის დონემ ისე დაიწია, ჩემი მანქანით რომ გავიარე, საბურავებს ნახევრამდეც ვეღარ მისწვდა. მესაქონლეებმაც დაიწყეს პირუტყვის გადმოყვანა. ამ გზას ხვალ უფრო აამაღლებენ და ზეგ უკეთესი იქნება. რაც მთავარია, ფერმერებს საქონელი აღარ დაეხოცებათ და ხალხიც, რომელიც საპროტესტო აქციებს აწყობდა დამშვიდდა”, – განაცხადა კახოიძემ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ვიცემერი ვაჟა ნასყიდაშვილი ამბობს, რომ მთლიანად თუშეთის მიმართულებით 72-კილომეტრიანი გზის მოწესრიგება არის აუცილებელი.

,,სანამ გზა წყლით იყო დაფარული, ძნელი იყო გაგება, რა სამუშაოებია კიდევ ჩასატარებელი. ახლა უკვე დამშრალზე, სპეციალისტები შეაფასებენ, როგორ გაუმკლავდნენ ათ და მეტ ტონიან ლოდებს, რომელიც წყლის შეგუბებას იწვევს. ააფეთქებენ, თუ ექსკავატორი მოერევა. სპეციალისტები შეაფასებენ და მათი დასკვნის საფუძველზე დაიგეგმება სამუშაოები”, – განმარტავს ნასყიდაშვილი.

ვიცემერის ინფორმაციით, ტექნიკა გზის პრობლემური მონაკვეთების შეკეთებაზე რეგულარულად 15 ოქტომბრამდე იმუშავებს.

თუშეთში საავტომობილო გზა წესისამებრ, გაზაფხულზე, 20 მაისიდან იხსნება, თუმცა წელს გზის გახსნა სტიქიის, მეწყრული პროცესებისა და 56-ე კილომეტრზე გზის 500-მეტრიანი მონაკვეთის წყლით დაფარვის გამო შეფერხდა.

საავტომობილო გზის გახსნის გადავადებას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში და დროის გაჭიანურებაში ადანაშაულებდნენ და თუშეთისკენ მიმავალი გზის გაწმენდითი სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვდნენ.