თუშეთში სატვირთო ავტომობილი წყლიდან ამოიყვანეს, ერთ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ [ვიდეო]

​ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე სამაშველო-საძიებო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი წყლის კალაპოტიდან ამოიტანეს. შედეგად, მყვინთავებს მიეცათ საშუალება, შეემოწმებინათ მანქანის ქვეშ არსებული წყლისქვეშა სივრცე. დათვალიერების შედეგად, მოქალაქეს, რომელსაც მაშველები რამდენიმე დღეა ეძებენ, ისევ ვერ მიაკვლიეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, პარალელურად, სამაშველო ჯგუფების მიერ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის ოთხკილომეტრიანი მონაკვეთის დეტალური დათვალიერება.

ავტოსაგზაო შემთხვევა 27 ივლისს მოხდა. ამ დროისთვის მაშველებმა ექვსი ადამიანის ცხედრის პოვნა და ხევიდან ამოყვანა შეძლეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.