თუშეთში სამაშველო ოპერაციის გამო ფშაველი-აბანო-ომალოს გზა გადაიკეტა
თუშეთში სამაშველო ოპერაციის გამო ფშაველი-აბანო-ომალოს გზა გადაიკეტა

თუშეთში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგულ ერთ ადამიანს.

სამაშველო სამუშაოების გამო, დღეს დილიდან გადაიკეტა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა სოფელ ლეჩურის მიმდებარე ტერიტორიიდან ომალომდე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 27 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილის ამოსაყვანად, ხეობაში მძიმე ტექნიკა შედის.

„უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საძიებო-სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ავარიას გადარჩენილი ხუთი მოქალაქიდან სამი, რომლებიც შოკურ მდგომარეობაში ხევში იყვნენ ჩარჩენილები, უვნებლად ამოიყვანეს. ისინი სამედიცინო ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და საავადმყოფოდან უკვე გაწერილები არიან. ამ დროისათვის მაშველებმა შეძლეს ექვსი ადამიანის ცხედრის პოვნა და ხევიდან ამოტანა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.