თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 15 ოჯახს ახმეტის მერიის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სააღდგომო საჩუქრები გადასცეს
თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 15 ოჯახს ახმეტის მერიის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სააღდგომო საჩუქრები გადასცეს

თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 15 ოჯახს ახმეტის მერიის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სააღდგომო საჩუქრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.

პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენით თუშეთის სოფელ ომალოში ჩაიტანეს, საიდანაც დანარჩენ სოფლებში მცხოვრებ ოჯახებზე განაწილდება.

როგორც საქართველოს პირველ არხს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა, თუშეთის ამბულატორია მომარაგებულია პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტებით.

„საავტომობილო გზის გახსნამდე ერთი თვე დარჩა. ჩვენ ბურღული და სხვა პირველადი მოხმარების საკვები ჩავუტანეთ. თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაკეტილია ოქტომბრის თვიდან მაისის ბოლომდე, გზის გახსნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი რეგულარულად უფასო ავიარეისებს ასრულებდა ზამთარში და გზის გახსნამდე ასე იქნება“, – განაცხადა სოსო ქარუმაშვილმა.

მერის განცხადებით, თუშეთისკენ მიმავალი გზის გაწმენდითი სამუშაოები გაგრძელდა და 72 კმ-იანი გზიდან უკვე 30-კმ-დე გაწმენდილია. მას შემდეგ, რაც კომპანია „გერალი“ ამოწურავს დარჩენილ თანხას, გზის გაწმენდას ახალი კომპანია გააგრძელებს.

„თუშეთის გზის მოვლა-პატრონობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „არილი“ გააგრძელებს მუშაობას. ახალმა კომპანიამ გზის გასაწმენდად ხეობაში უკვე ოთხი ერთეული ტექნიკა შემოიტანა“, – განაცხადა ახმეტის მერმა.