თუშეთში მდებარე ნასოფლარ ჰეღოს ეროვნული კატეგორია განესაზღვრა
თუშეთში მდებარე ნასოფლარ ჰეღოს ეროვნული კატეგორია განესაზღვრა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მდებარე ნასოფლარ ჰეღოს, ასევე 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შესაბამისი ბრძანებით, ეროვნული კატეგორია განესაზღვრა.

ნასოფლარი მდებარეობს პირიქითის ალაზნის ხეობაში, სოფელ გირევის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით, 2 კმ-ის მანძილზე.

ნასოფლარი მდინარის მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის ციცაბო კალთაზეა განლაგებული. ნაგებობების დიდი ნაწილი მნიშვნელოვანი დანაკარგებითაა მოღწეული, ნაწილი კი მხოლოდ გეგმის დონეზეა შემორჩენილი. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში შემორჩა ოთხი კოშკი და ნასოფლარის ზემოთ მდებარე იოანე ნათლისცემლის ხატი.
იოანე ნათლისმცემლის ხატი, კომპლექსი, მდებარეობს ნასოფლარის ჩრდილოეთით, მთაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

კოშკები მდებარეობს ნასოფლარის განაპირას, აღმოსავლეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
სხვადასხვა დონეზე, ერთმანეთისაგან 8 მ-ის დაშორებით, დგას ორი კოშკი. ორივე ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. კოშკებში კუთხეები ყველა სართულზე გამაგრებულია დიაგონალურად გადებული ორ-ორი მოგრძო ფიქლით.

კოშკებს შორის შემორჩენილია გვიანდელი ნაგებობის დასავლეთი კედელი, რომელშიც კარი, სარკმელი და სწორკუთხა ნიშია.  კედლის პირდაპირ მშრალი წყობით ნაგები ფიქლის ტერასაა. კედელიც და ტერასაც რელიეფს მიჰყვება.