თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის ერთ მონაკვეთზე ქვა-ღორღის ჩამოშლის გამო, ოთხი ავტომობილია ჩარჩენილი
თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის ერთ მონაკვეთზე ქვა-ღორღის ჩამოშლის გამო, ოთხი ავტომობილია ჩარჩენილი

თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის ერთ მონაკვეთზე ქვა-ღორღის ჩამოშლის გამო, ოთხი ავტომობილია ჩარჩენილი.

როგორც პირველ არხს ახმეტის მერის წარმომადგენელმა თუშეთში ლადო კახოიძემ განუცხადა, ავტომობილების მგზავრები რეინჯერების სახლებში არიან გადაყვანილი.

მისი თქმით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, რამდენიმე საათია, საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია.

როგორც ლადო კახოიძემ აღნიშნა, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

„ღამეა, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ შპს ,,გერალის” ტექნიკა მუშაობს. რამდენიმე ადგილას, ფერდობებიდან დიდი რაოდენობით ქვა-ღორღია ჩამოშლილი. ერთ-ერთ ადგილზე, ,,ცოდვიანთ ხევსა” და ,,სამხევს” შორის ჩარჩენილია ოთხი ავტომანქანა, მაგრამ მგზავრები რეინჯერების სახლებში არიან გადაყვანილი. თუ წვიმა შეწყდება, სავარაუდოდ, ხვალ გზის გახსნა შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა კახოიძემ.

მისი თქმით, მდინარე ალაზანში წყლის დონის მომატებამ დატბორილ ადგილზე გამავალ გზასაც შეიძლება შეუქმნას პრობლემა. როგორც კახოიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე, არ აქვს ინფორმაცია, რა ვითარებაა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, ვინაიდან იქ მომუშავე ,,გერალის” თანამშრომლები სატელეფონო კავშირის ზონაში არ იმყოფებიან და ჯერ მათთან კონტაქტი ვერ მყარდება.

​ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მონაკვეთზე, მთისა და კლდის ფერდობებიდან ქვა-ღორღის ჩამოშლის გამო, გზა დროებით 4 აგვისტოს ღამითაც დაიკეტა, თუმცა მისი გაწმენდა დილისთვის მოხერხდა.

კახოიძის თქმით, სამუშაოები ამჯერად გაცილებით მოცულობითი და რთულია.