თუშეთისკენ მიმავალი გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო
თუშეთისკენ მიმავალი გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

თუშეთისკენ მიმავალი გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 23-ე კილომეტრზე გაწმენდითი სამუშაოებს შპს ,, გერალი” აწარმოებს, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული გზის მოვლა-პატრონობაზე იყო პასუხისმგებელი.

როგორც საქართველოს პირველ არხს თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა, ლადო კახოიძემ განუცხადა, თუშეთის მაღალმთიან სოფლებთან ერთადერთი საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები სავარაუდოდ, მაისის ბოლოს დასრულდება.

,,ფშაველიდან აბანომდე ვიყავით და თოვლი აღარ არის, შესაბამისად ტექნიკის მუშაობაც უკვე შესაძლებელია, ზამთრის სეზონიდან მოყოლებული დღემდე სოფელ ქვემო ალვანიდან შსს-ს ვერტფმრენს სოფელ ომალოში კვირაში ერთხელ გადაჰყავს მგზავრები. ძალიან ბევრი ადამიანი მიემგზავრება ახლა მთაში, რადგან ცდილობენ გზის გახსნამდე ტურისტული სეზონისთვის მოემზადონ. გზა სანამ არ გაიხსნება, ვერტმფრენი იქამდე ისევ შეასრულებს რეისებს“, – აცხადებს კახოიძე.

მისივე ინფორმაციით, თუშეთის გზაზე შპს ,,გერალის“ მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,არილი“ აიღებს.

თუშეთი დაღესტნის და ჩეჩნეთის მოსაზღვრედ ზღვის დონიდან 1650-4493 მეტრზე მდებარეობს. იქ სულ 42 სოფელია და რთული რელიეფის გამო თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ოქტომბრიდან ივნისის დასაწყისამდე დაკეტილია.