თურქული ვალუტა ხუთი პროცენტით გაუფასურდა
თურქული ვალუტა ხუთი პროცენტით გაუფასურდა

თურქულმა ეროვნულმა ვალუტა ლირამ ვარდნა განაახლა და დღეს ამერიკული დოლარის მიმართ თითქმის 5 პროცენტით გაუფასურდა.

ანალიტკოსები თურქული ვალუტის გაუფასურების მთავარ ფაქტორებად მიიჩნევენ ერთის მხრივ, ინვესტორების უნდობლობას, რასაც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონეტარულ პოლიტიკაზე კონტროლის დამყარების მცდელობა იწვევს. მეორეს მხრივ კი, დაპირისპირებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის, რომელიც ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაკავებას მოჰყვა.

ბოლო გაუფასურების ჩათვლით, ლირა წლის დასაწყისიდან უკვე 40 პროცენტით არის დაცემული. ბოლო მონაცემებით ერთი დოლარის ღირებულება 6.3-ს ლირას შეადგენს.
ლირა წლის დასაწყისიდანვე სუსტ პოზიციაზე იყო, თუმცა მისი მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ვაშინგტონი და ანკარა სავაჭრო დაპირისპირებაშიც შევიდნენ და ერთმანეთის ექსპორტს ტარიფები დაუწესეს. ნატო-ს ალიანსის მეკავშირეების ინტერესები სირიის საკითხებშიც არ ემთხვევა ერთმანეთს. შტატებს არც რუსული თავდაცვის სისტემის შეძენით თურქეთის დაინტერესება მოსწონს.

ამჟამად ინვეტსორების ყურადღება თურქეთის ფინანსთა მინისტრის, ბერათ ალბაირაქისა და მისი ფრანგი კოლეგის პარიზში დაგეგმილი შეხვედრისკენ არის მიმართული, რომელიც დღეს გაიმართება.

ალბაირაქმა ერთი კვირის წინ ინვესტორებს განუცხადა, რომ თურქეთი მიმდინარე კრიზისიდან კიდევ უფრო ძლიერი გამოვა. მისი თქმით, თურქული საბანკო სექტორი ჯანსაღია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მთავრობა მზადაა, ბანკებს დახმარება აღმოუჩინოს.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლირის ვარდნის შემაკავებელი ღონისძიებები გაატარა. დღეს კი, სტამბოლის საფონდო ბირჟამ განაცხადა, რომ ფინანსური ინსტრუმენტის ერთ-ერთი სახეობის ე.წ. „სვოპის“ ბაზრის შექმნას იწყებს, რაც ქალაქის ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

თუმცა ინვესტორებს კვლავ აფიქრებთ მაღალი ინფლაცია და ერდოღანის უარყოფითი დამოკიდებულება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიმართ. ივლისის მაჩვენებლით, თურქეთში ინფლაცია 16 პროცენტია, რაც ბოლო 14 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აგვისტოს ინფლაციის მაჩვენებელი მომავალ ორშაბათს გახდება ცნობილი. 13 სექტემბერს კი, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაა დაგეგმილი, სადაც გადაწყდება, გამკაცრდება თუ არა საპროცენტო განაკვეთი.

თავად ერდოღანმა ლირის ვარდნა შეაფასა, როგორც „ეკონომიკური ომი“ თურქეთის წინააღმდეგ.