თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების მიერ სამაშველო და საგამოძიებო სამუშაოები გრძელდება [ფოტო]
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების მიერ სამაშველო და საგამოძიებო სამუშაოები გრძელდება.
ადგილზე სხვადასხვა უწყება სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ატარებდა.
ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, რომ თურქეთის „C-130“ ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.
ამასთან, თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა. სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით თურქეთი საქართველოში საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სამაშველო ჯგუფებს აგზავნის.
ავიაკატასტროფის ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნაპოვნია საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის შავი ყუთი.

