თურქული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, თურქეთში ოთხი ადამიანი დააკავეს
თურქული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, თურქეთში ოთხი ადამიანი დააკავეს

საფრანგეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, თურქეთში ოთხი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია თურქული მედია ავრცელებს.

გამოძიების ვერსიით, დაკავებული პირები თურქეთში მოქმედი კონსერვატიული ორგანიზაციების შიდა მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ. ეჭვმიტანილები ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს იყენებდნენ, თითქოს თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის აგენტები იყვნენ და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსა და მსგავს ტერორისტულ ჯგუფებზე აგროვებდნენ ინფორმაციას.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მეტინ ოზდემირი ფრანგმა სამხედროებმა ავღანეთის მისიის დროს გადაიბირეს. თურქეთში დაბრუნების შემდეგ, ოზდემირმა სტამბოლში მდებარე საფრანგეთის გენერალურ საკონსულოს დაცვაში დაიწყო მუშაობა. თურქული მედია წერს, რომ მეტინ ოზდემირს უცხოური ლეგიონის წევრობა სურდა. ფრანგული დაზვერვის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, მას უთხრეს, რომ აისრულებდა ოცნებას, თუმცა პირველ რიგში მას ინფორმაცია უნდა შეეგროვებინა.

დაკითხვის მასალებიდან ირკვევა, რომ ოზდემირმა ​120 ადამიანზე, მათ შორის იმამებზე შეაგროვა ინფორმაცია და საფრანგეთის ხელისუფლებას გადასცა. მეტინ ოზდემირის საქმიანობას კურირებდა სამი ფრანგი მზვერავი კოდირებული სახელებით: „ბრუნო“, „ვირჟინია“ და „სებასტიანი.“