თურქული მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი შეხვედრაზე შეთანხმდნენ
თურქული მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი შეხვედრაზე შეთანხმდნენ

თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტები სატელეფონო საუბრისას ორმხრივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა. მისი თქმით, ლიდერები შეთანხმდნენ, რაც შეიძლება მალე განიხილონ იდლიბში შექმნილი სიტუაცია პირისპირ.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა განიხილეს „უახლოეს პერიოდში აუცილებელი კონტაქტების გამართვის საკითხი ამა თუ იმ დონეზე“.

ვლადიმირ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ გაიმართა, რაც სირიის იდლიბის პროვინციაში თურქი სამხედროების კოლონაზე სირიის სამთავრობო ძალების ავიადარტყმების შედეგად 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. რუსეთი ავიაიერიშში მონაწილეობას უარყოფს.