თურქული მედიის ცნობით, იდლიბში სირიის სამთავრობო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდეს, დამასკო ამ ინფორმაციას უარყოფს
თურქული მედიის ცნობით, იდლიბში სირიის სამთავრობო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდეს, დამასკო ამ ინფორმაციას უარყოფს

იდლიბის პროვინციაში სირიის სამთავრობო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. ამასთან, თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს უარყოფს სირიის ხელისუფლება.

თურქული მედიის ცნობით, თვითმფრინავი სირიის შეიარაღებული ოპოზიციის წევრებმა ჩამოაგდეს. თავის მხრივ, სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანა“ იტყობინება, რომ განადგურებულია თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ამბოხებულებს ეკუთვნოდა.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებია თურქეთის ძალები სირიის იდლიბის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სამთავრობო სამიზნეებზე ინტენსიურ იერიშს აწარმოებენ.

თებერვალში სირიის სახელისუფლო ძალების დარტყმებს იდლიბში ჯამში 55 თურქი სამხედრო ემსხვერპლა.