თურქული მედიის ცნობით, გამოკითხვების თანახმად, ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უსწრებს
თურქეთში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უსწრებს.
თურქული მედიის ინფორმაციით, „მოტო ენდ ბულგუ რისერჩის“ მიერ აპრილში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ქემალ კილიჩდაროღლუს ამომრჩევლების 49.5 პროცენტი უჭერს მხარს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს კი – 41.5 პროცენტი. მესამე ადგილზეა მუჰარემ ინჯე, 6.5 პროცენტით, მეოთხეზე კი – სინან ოღანი, 2.5 პროცენტით.
ამასთან, თურქული მედიის ცნობით, კითხვაზე, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერდა მხარს მეორე ტურის შემთხვევაში, ხმების 51.4 პროცენტი ქემალ კილიჩდაროღლუს აქვს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს კი – 40.9 პროცენტი. რაც შეეხება პარტიების რეიტინგებს, ამომრჩეველთა 34.2 პროცენტი მმართველ „სამართლიანობის და განვითარების“ პარტიას უჭერს მხარს, 33 პროცენტი კი – ოპოზიციურ „რესპუბლიკურ სახალხო პარტიას.“
თურქული მედიის ცნობით, 26 პროვინციაში ტელეფონით გამოიკითხა 2 400 ადამიანი, ცდომილების ზღვარი კი 2 პროცენტია.