თურქული მედია - თურქეთში სავარაუდოდ აღმოჩენილია გურჯი ხათუნის საფლავი
თურქული მედია - თურქეთში სავარაუდოდ აღმოჩენილია გურჯი ხათუნის საფლავი

თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სავარაუდოდ გურჯი ხათუნის საფლავია აღმოჩენილი.

ინფორმაციას საელჩო თურქულ ონლაინ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სარკოფაგებს არქეოლოგიური გათხრების დროს მიაკვლიეს. საელჩო ინფორმაციის დასაზუზტებლად მოკვლევას იწყებს.

„სავარაუდოდ, თურქეთში აღმოჩენილია გურჯი ხათუნის საფლავი! თურქეთის ქ. ერზერუმის პასინლერის რაიონში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, აღმოჩენილ იქნა სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგები. საელჩო იწყებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც თურქეთში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

გურჯი ხათუნი იგივე თამარ ბაგრატიონი, იყო თამარ მეფის შვილიშვილი. რუსუდან მეფისა და არზრუმის სულთნის ტოღრილის შვილის მოღის ედ დინის ასული. 13 წლის ასაკში იგი რუმის 17 წლის სულთანს ყიას ად–დინ ქეი ხუსრევ II მიათხოვეს. ქორწინება პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.

გურჯი ხათუნის ცხოვრების ბოლო წლების შესახებ წერილობითი წყაროები არ არსებობს, გადმოცემები კი ურთიერთგამომრიცხავია – ზოგი ვერსიით ის კონიაში გარდაიცვალა, ზოგი ვერსიით კი საქართველოში გამოიპარა და აქ განისვენებს. თანამედროვეთათვის გურჯი ხათუნის საფლავი უცნობია.

დატოვე კომენტარი