თურქული მედია - თურქეთმა საბერძნეთის მხრიდან ეგეოსის ზღვის დემილიტარიზებული სტატუსის მქონე კუნძულებზე იარაღის შეტანის ამსახველი ფოტოები გადაიღო
თურქული მედია - თურქეთმა საბერძნეთის მხრიდან ეგეოსის ზღვის დემილიტარიზებული სტატუსის მქონე კუნძულებზე იარაღის შეტანის ამსახველი ფოტოები გადაიღო

თურქეთმა საბერძნეთის მხრიდან ეგეოსის ზღვის დემილიტარიზებული სტატუსის მქონე კუნძულებზე იარაღის შეტანის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებს თურქული სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ აქვეყნებს.

როგორც სააგენტო წერს, თურქეთის თავდაცვის დრონებმა გადაიღეს ფოტოები, რომლებზეც ასახულია ბერძნული ხომალდები, რომელთა მეშვეობით დემილიტარიზებული სტატუსის მქონე კუნძულებზე, ლესბოსსა და სამოსზე, 18 და 21 სექტემბერს გადატანილ იქნა 23 ტაქტიკური ჯავშანტრანსპორტი.

თურქეთის უსაფრთხოების სამსახურების განცხადებით, 18 და 21 სექტემბრის ათენის მხრიდან განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს თურქეთთან ახლოს მდებარე კუნძულების მილიტარიზაციის მტკიცებულებას და ამ კუნძულების დემილიტარიზებული სტატუსის დარღვევას.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დიალოგის გამართვისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ მოწოდების მიუხედავად, ათენი მოქმედებს საერთაშორისო სამართლის და ალიანსის სულისკვეთების საპირისპიროდ, რაც მიუღებელია.

სექტემბრის დასაწყისში, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ათენი ეგეოსის ზღვის დემილიტარიზებული კუნძულების ოკუპაციასა და შეიარაღებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ როდესაც დადგება დრო, თურქეთი გააკეთებს ყველაფერს რაც საჭიროა.