თურქული მედია ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების დეტალებზე წერს
თურქული მედია ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების დეტალებზე წერს

თურქული მედია ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების ოპერაციიის დეტალებზე წერს. ჟურნალისტების ცნობით, ადანას პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ექვსი ქართველი ქალი გამოიხსნეს, რომლებსაც პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდნენ.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ თურქმა სამართალდამცავებმა საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს.

როგორც თურქული მედია წერს, სპეცოპერაცია 4 მაისს ჩატარდა და მასში 300 სამართალდამცველი,  მონაწილობდა.  მზადება ოპერაციისთვის 3 თვე გრძელდებოდა, პოლიციამ დრონებიც გამოიყენა. წინასწარ გადაიკეტა გზატკეცილი, რომ დამნაშავეები არ მიმალულიყვნენ.

ჟურნალისტების ცნობით, კოზანის რაიონში მდებარე 3 სახლში სულ რვა ქალი იმყოფებოდა.

ადგილზე მისულ პოლიციას 30 წლის ოლესია ვ. დახვდათ, რომელმაც პოლიციის გამოჩენისთანავე კარი ჩაკეტა. სამართალდამცავებს კარის ძალის გამოყენებით გაღება მოუწიათ.

მსხვერპლთა ნაწილი კარადებში იყო ჩაკეტილი.

ჩხრეკის დროს ამოღებულია ერთი პისტოლეტი და სამი შაშხანა. სახლში იმყოფებოდნენ პიტბულის ჯიშის ძაღლები, რომლებითაც ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალებს აშინებდნენ.

როგორც გამოძიებამ გაარკვია, საქართველოს მოქალაქეები თურქეთში მოტყუებით ჩაიყვანეს. მათ დაქორწინებას პირდებოდნენ. სამართალდამცავების თქმით, ერთ ქალთან გაფორმებული კონტრაქტის სანაცვლოდ ეჭვმიტანილები 100-400 ლირის ოდენობით ჰონორარს იღებდნენ. ასევე ერიცხებოდათ მათ მიერ თურქეთში ჩაყვანილი ქალის პროსტიტუციის შედეგად მიღებული შემოსავლის 50%.

პოლიციამ ჩხრეკის დროს ამოიღო 75 ათასი ლირა და საბუღალტრო წიგნი, რომელშიც პროსტიტუციაში ჩართული ქალების შემოსავლები იყო ნაჩვენები.

პროსტიტუციაში იძულებით ჩართვის საქმეზე დაკავებულია 18 ადამიანი. როგორც პოლიციამ დაადგინა, ისინი და მათი ნათესავები დანაშაულებრივ საქმიანობას წლების განმავლობაში ეწეოდნენ და მილიონობით ლირა აქვთ მიღებული. დამნაშავეებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. საქართვლოს ექვსი გათავისუფლებული მოქალაქე სამშობლოში დააბრუნეს.