თურქული გამოცემა - „ტრაბზონის“ პრეზიდენტობის კანდიდატს მწვრთნელად არველაძის დაბრუნება სურს #1TVSPORT
თურქული გამოცემა - „ტრაბზონის“ პრეზიდენტობის კანდიდატს მწვრთნელად არველაძის დაბრუნება სურს #1TVSPORT

„ტრაბზონის“ ლეგენდარული ფეხბურთელი შოთა არველაძე კლუბში მწვრთნელად დაბრუნდება, თუ აჰმედ აღაოღლუს პრეზიდენტად აირჩევენ, – ინფორმაციას თურქული გამოცემა karar-ი ავრცელებს.

„სუპერლიგის ჩემპიონ „ტრაბზონში“ ბობოქარი დრო დადგა. გუნდი სუპერლიგის ბოლო, 24-ე ტურის მატჩში „უმრანიესპორთან“ 1:2 დამარცხდა, შინ წაუგებელი 36 მატჩის შემდეგ ეს პირველი მარცხი იყო და გუნდი მე-6 ადგილზეა. მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, აბდულა ავჩიმ ​​თანამდებობა დატოვა. კვირას „ტრაბზონი“ „ადანა დემირსპორს“ უმასპინძლებს, მაგრამ ვინ იქნება გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჯერ უცნობია.

ახალ პრეზიდენტსაც 25-26 მარტს, კლუბის რიგგარეშე ყრილობაზე აირჩევენ. აჰმედ აღაოღლუმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატია. მან კენჭისყრა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც გულშემატკივრებმა მოუწოდეს, დაბრუნებულიყო. მისი კონკურენტი ვიცე-პრეზიდენტი ერთუღრულ დოღანი იქნება, რომელიც ახლა გუნდის პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელია.

თუ აჰმედ აღაოღლუს ხელახლა აირჩევენ, ცნობილია, მწვრთნელად ვის მიიწვევს. მას კლუბში „ტრაბზონის“ ლეგენდის დაბრუნება სურს. ბოლო ცნობების მიხედვით, აღაოღლუსთვის პრიორიტეტული გუნდის სათავეში შოთა არველაძის მიწვევაა, რომელიც ბოლოს ინგლისურ „ჰალ სიტის“ წვრთნიდა.

ქართველმა მწვრთნელმა, რომელიც გუნდს 2015/16 წლებში წვრთნიდა, შავიზღვისპირელებს 11 მატჩში უხელმძღვანელა და მის ანგარიშზეა 4 მოგება, 2 ფრე და 5 წაგება. იოლოღლუმ განაცხადა, რომ აღაოღლუმ, პირველ რიგში, შოთა არველაძე დაასახელა თავის სამიზნედ“, – ამტკიცებს თურქული გამოცემა.