თურქმენეთში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის სახლიდან რამდენიმე მილიონი დოლარი ამოიღეს
თურქმენეთში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის სახლიდან რამდენიმე მილიონი დოლარი ამოიღეს

თურქმენეთში, დაკავებულ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ისკენდერ მულიკოვის სახლიდან რამდენიმე მილიონი დოლარი, ასევე დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა ამოიღეს. შესაბამისი კადრები ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.

მულიკოვი მინისტრის პოსტს 2009 წლიდან იკავებდა. მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, გენერალური პროკურორის ანგარიშის საფუძველზე, პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა ის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მულიკოვს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით და არაერთგზის ქრთამის აღება. ტელევიზიის ეთერში ყოფილი მაღალჩინოსნის ინტერვიუ გავიდა, სადაც ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და ინანიებს.