თურქმენეთის ყოფილი პრეზიდენტი - თურქმენეთი მზად არის ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო მუშაობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხზე, ერთ-ერთი გზა ტრანსკასპიური მარშრუტის განხორციელებაა
თურქმენეთი მზად არის ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო მუშაობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხზე. ამის შესახებ თურქმენეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა ტელეკომპანია „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუს ტექსტს თურქმენეთის სამთავრობო ვებგვერდი აქვეყნებს. მან ამისთვის ერთ-ერთ გზად ტრანსკასპიური მარშრუტი დაასახელა, რომელიც აზიას ევროპის ქვეყნებთან საქართველოს გავლით აკავშირებს.
„თურქმენეთი მზად არის ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო მუშაობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხზე. მიზანმიმართული მოქმედებების ერთ-ერთი გზა ტრანსკასპიური მარშრუტის განხორციელებაა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით კასპიის ზღვაში სრულფასოვანი ენერგეტიკული პარტნიორობის დამყარებას, მათ შორის დასავლეთის მიმართულებით წყალქვეშა მილსადენების გაყვანას. ეს არის ჩვენი კანონიერი უფლება, რომელიც გამყარებულია კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენციით. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ კასპიის ზღვაში წყალქვეშა ინფრასტრუქტურის შექმნა პასუხობს სანაპირო სახელმწიფოების ეკონომიკურ მოთხოვნებს, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ენერგორესურსების მწარმოებლების, მომხმარებლებისა და სატრანზიტო ქვეყნების ინტერესების თანაბარ გათვალისწინებას. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გახდება მთავარი ფაქტორი ევრაზიულ სივრცეში ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადობის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა თურქმენეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.
მან ასევე განაცხადა, რომ თურქმენეთი ელექტროენერგიის ექსპორტისთვისაც არის მზად. თურქმენეთის ყოფილმა ლიდერმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა, ევროპელ პარტნიორებთან წყალბადის ენერგეტიკისა და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების მხრივაც ითანამშრომლოს.