თურქმა სამხედროებმა ჩრდილოეთ სირიაში კიდევ ერთი სტრატეგიული სიმაღლე დაიკავეს
თურქმა სამხედროებმა ჩრდილოეთ სირიაში კიდევ ერთი სტრატეგიული სიმაღლე დაიკავეს

თურქმა სამხედროებმა ჩრდილოეთ სირიაში კიდევ ერთი სტრატეგიული სიმაღლე დაიკავეს.

ქალაქ აფრინის დასავლეთით, „სიმაღლე 915“-ს თურქეთის არმია დილიდან ბომბავდა და რამდენიმე საათიანი ბრძოლის შემდეგ ირგვლივ მდებარე საგუშაგო პოსტებთან ერთად დაიკავა.

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის მეათე დღის მონაცემებით, აფრინის ირგვლივ თურქმა სამხედროებმა მოკავშირეებთან ერთად 15 სოფელი და ხუთი სტრატეგიული სიმაღლე დაიკავეს.

ქურთული საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ სამხედრო ჯგუფებმა ერთი სიმაღლის უკან დაბრუნება შეძლეს. ქურთების სამხედრო ჯგუფების დახმარებისთვის, თურქეთის ხელისუფლება კვლავ აშშ-ს აკრიტიკებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში აშშ-მა პარტნიორი არასწორად შეარჩია.

სირიის აფრინსა და აზაზში მიმდინარე ბრძოლების პარალელურად, თურქეთი აშშ-ს სირიის ჩრდილოეთში ქალაქ მანბიჯიდან გასვლისკენ მოუწოდებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები მანბიჯიდან გასვლის საკითხს არ განიხილავენ.