თურქი ბიზნესმენი გამამართლებელი განაჩენიდან რამდენიმე საათში კვლავ დააკავეს
თურქი ბიზნესმენი გამამართლებელი განაჩენიდან რამდენიმე საათში კვლავ დააკავეს

თურქი ბიზნესმენი და აქტივისტი ოსმან ქავალა გამამართლებელი განაჩენიდან რამდენიმე საათის შემდეგ კვლავ დააკავეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სასამართლომ თურქი ბიზნესმენის, ოსმან ქავალას და კიდევ რვა აქტივისტის დაუყოვნებელი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, მას შემდეგ რაც 2013 წელს გამართული დემონსტრაციების საქმეში არსებული ყველა ბრალდება მოუხსნეს.

რამდენიმე საათის შემდეგ კი, 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, თურქი ბიზნესმენისა და აქტივისტის წინააღმდეგ პროკურორებმა დაკავების განკარგულება გასცეს.

მომხდართან დაკავშირებით ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალში“ განაცხადეს, რომ აქტივისტის ხელახალი დაკავება წინასწარგანზრახული და სასტიკი გათვლა იყო.

ოსმან ქავალამ ციხეში ორი წელი გაატარა. თურქი ბიზნესმენის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს დასავლეთი გამუდმებით მწვავედ აკრიტიკებდა და მის დაუყოვნებელ გათავისუფლებას ითხოვდა.