თურქეთში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტ პირს კი ეძებენ
თურქეთში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტ პირს კი ეძებენ

თურქეთში, გირესუნის პროვინციაში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა.

თურქული მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, ჟანდარმერიის ერთი თანამშრომელი და ერთი სამოქალაქო პირია გარდაცვლილი.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, ამ დროისთვის 12 ადამიანია დაკარგული, რომელთა სამძებრო-სამაშველო ოპერაციას მეზობელი პროვინციებიდან, ასევე ანკარადან ჩასული ჯგუფები ახორციელებენ.

თურქული მედია წერს, რომ წყალდიდობამ სადრენაჟო მილი დაანგრია, რის შემდეგაც ჟანდარმერიის ხუთი თანამშრომელი და ექსკავატორის მძღოლი დაიკარგა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 20 ადამიანი ცენტრალურ ავტომაგისტრალზეა ჩარჩენილი, რომლებთანაც მიღწევა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. დერელის ოლქში წყალდიდობამ ავტომობილები დატბორა და შენობები დააზიანა.