თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს
თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს

თურქეთში საქართველოს სამი მოქალაქის პროსტიტუციაში იძულების წესით ჩართვაში ბრალდებული, 18 მოქალაქე დააკავეს.  Haberturk-ის ცნობით, პოლიციამ სპეცოპერაცია ადანის პროვინციაში ჩაატარა.

300-ზე მეტმა პოლიციელმა სამი სახლი გაჩხრიკა. სამართალდამცავების მიერ დაკავებულთა შორის არიან ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ფული.

გამოძიების ცნობით, საქართველოს სამი მოქალაქე ადანის პროვინციაში ცრუ დაპირების საფუძველზე ჩაიყვანეს. მათ დაქორწინებას დაპირდნენ. შემდეგ კი პიტბულის ჯიშის ძაღლებით აშინებდნენ და პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდნენ.

თურქული მედიის ცნობით, სამივე ქალი გაათავისუფლეს და ადანის პროვინციის საიმიგრაციო ცენტრში გადაიყვანეს, საიდანაც მათი საქართველოში დეპორტაცია მოხდება.