თურქეთში, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა
თურქეთში, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა, დაშავებულია 51 ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.

ბოლუს პროვინციაში, კურორტ კარტალკაიაში ხანძარი 11-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა. მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია 10-საათიანი მუშაობის შემდეგ მოახერხეს.

ბოლუს პროვინციის გუბერნატორის, აბდულაზიზ აიდინის განცხადებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ ცხრა ადამიანი, მათ შორის სასტუმროს მფლობელი დააკავეს.

22 იანვარი თურქეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. მისი თქმით, ყველა საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ.

შემთხვევა თურქეთში არდადეგების პერიოდს დაემთხვა, რა დროსაც სამთო კურორტს ბევრი ვიზიტორი სტუმრობდა. ინციდენტის დროს სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა.