თურქეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
თურქეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

თურქეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.

დაშავებულია 194 ადამიანი. მათგან 124 პირს მკურნალობის კურსის გაგრძელება სჭირდება. დანარჩენები კი გამოკვლევის შემდეგ სამედიცინო ცენტრებიდან გამოუშვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

გუშინ საღამოს სამგზავრო მატარებელი კაპიკულე-სტამბოლის რეისს ახორციელებდა, როდესაც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, საბერძნეთის საზღვართან ახლოს ხუთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა. კატასტროფის დროს მატარებელში 362 ადამიანი იმყოფებოდა.

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის ცნობით, სარკინიგზო კატასტროფა ძლიერი წვიმის შედეგად ლიანდაგზე ჩამოწოლილმა მეწყერმა გამოიწვია.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე დასრულდა. მასში მონაწილეობას, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სამხედრო მოსამსახურეებიც იღებდნენ.