თურქეთში სარკინიგზო კატასტროფასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავეს,- ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის განმარტებით, გამოძიება გრძელდება და ყველა ის პირი დაისჯება, ვინც მომხდარში არის პასუხისმგებელი. გამოძიების დეტალების გასაჯაროებასთან ერთად, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სარკინიგზო კატასტროფის დროს დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.
ცნობილი ხდება, რომ ავარიის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა. როგორც თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა, სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს სულ 84-მა პირმა მიმართა. მათგან 34-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დაღუპულია ცხრა ადამიანი. მათგან სამი მემანქანეა ექვსი კი, მგზავრი.
ანკარადან კონიის მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი იმავე ლიანდაგზე მოძრავ ლოკომოტივს ადგილობრივი დროით, 06:30 საათზე დაეჯახა. შედეგად, სამგზავრო მატარებლის ორი ვაგონი ლიანდაგიდან გადავარდა. ავარიის დროს დაინგრა ქვეითთა გადასასვლელიც. სარკინიგზო კატასტროფა მარსანდიზის სადგურზე, ანკარის მთავარი სადგურიდან 8 კილომეტრის მოშორებით მოხდა.
მსგავსი მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა თურქეთში ივლისშიც მოხდა. მაშინ ავარიას 24 ადამიანი შეეწირა.