საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან შეხვედრა გამართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან შეხვედრა გამართა

ხვალ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მორიგი შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ გირესუნში გაიმართება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიას თურქეთში ვიზიტი ქვეყნის დედაქალაქ ანკარაში, ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალით დაიწყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრს თურქმა კოლეგამ ნურეთინ ჯანიქლიმ უმასპინძლა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მინისტრებმა საუბარი საქართველოსა და თურქეთის დელეგაციების შემადგენლობით გაფართოებულ ფორმატში განაგრძეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მზარდი დინამიკა განიხილეს. მთავარ საკითხებს შორისაა ასევე, თურქეთთან, როგორც რეგიონის უდიდეს ნატო-ს წევრ ქვეყანასთან და სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

„თურქეთის მხარის მიერ საქართველოს მიმართ ხაზგასმით აღინიშნა მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული თანადგომა. ნურეთინ ჯანიქლიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და განაცხადა, რომ თურქეთი ყველა შესაძლო ტრიბუნას იყენებს საქართველოს მიმართ საკუთარი პოზიციისა და მხარდაჭერის დასაფიქსირებლად“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

მათივე ცნობით, ლევან იზორიამ მასპინძელ მხარეს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ტრანსფორმაციის პროცესი 5 სტრატეგიულ მიმართულებას ეფუძნება.

ნურეთინ ჯანიქლიმ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ გატარებული რეფორმებს უმაღლესი შეფასება მისცა და ხაზი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის პრაქტიკულ მზაობას გაუსვა. მან ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს კონტრიბუციაც აღნიშნა და განაცხადა, რომ საქართველოს წვლილი ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში დასაფასებელია.

გაფართოებულ შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ასევე, რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი მინისტერიალის ფორმატსა და საქართველოში დაგეგმილ მრავალეროვნულ საერთაშორისო წვრთნებში თურქეთის მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლისა და პირველი პრეზიდენტის მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო და მისი მუზეუმი დაათვალიერა.