საქართველოს ელჩი სტიქიის ზონაში ქართველ მაშველებს, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, ადიამანის გუბერნატორს შეხვდა
საქართველოს ელჩი სტიქიის ზონაში ქართველ მაშველებს, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, ადიამანის გუბერნატორს შეხვდა

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და საელჩოს წარმომადგენლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან, სადაც ისინი ქართველ მაშველებსა და თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა ასევე შეხვედრა გამართა ქ. ადიამანის გუბერნატორთან, მაჰმუთ ჩუჰადართან.

„გიორგი ჯანჯღავამ საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება მომხდარი ტრაგედიის გამო და თანადგომა გამოუცხადა თურქ ხალხს. თავის მხრივ, გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისთვის, აღნიშნა ქართველი მაშველების განსაკუთრებული წვლილი და თავდაუზოგავი შრომა, რის შედეგადაც სამი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, საქართველოს ათეულობით მოქალაქემ თურქეთის ტერიტორია დატოვა და სამშობლოში გამოემგზავრა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამ მძიმე დღეებში დამსაქმებელთა ოჯახებს არ ტოვებენ.

„დღეს გავემგზავრეთ საელჩოს თანამშრომლებთან ერთად. პირველ რიგში, მოვინახულეთ ჩვენი მაშველები. ახლა ვიმყოფებით მათ შტაბში. დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, ბატონი მამუკა სეფიაშვილი აქ არის, ჩვენთან ერთად. ჩვენ მოვიარეთ რამდენიმე ლოკაცია, სადაც ისინი მუშაობენ. მინდა, გითხრათ, რომ თურქები არიან აღფრთოვანებული ჩვენების მუშაობით. სამი ადამიანი გადაარჩინეს, კიდევ გრძელდება მუშაობა. ამავდროულად, ჩვენს მაშველებთან ერთად, ხელმძღვანელობასთან ერთად ვიმყოფებოდი გუბერნატორის ოფისში, შევხვდით გუბერნატორს, მივუსამძიმრეთ, გავეცანით მათ გეგმას, ქართველების ჩართულობას ამ პროცესში. ამის შემდეგ გავემგზავრეთ სხვა ლოკაციებზე, სადაც გვეგულებოდნენ საქართველოს მოქალაქეები. დავაკვალიანეთ, მათ შორის რამდენიმე ათეული უკვე გაემგზავრა საქართველოში, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც არ ტოვებენ მათ დამსაქმებლებს, ანუ იმ ოჯახებს, სადაც მუშაობდნენ“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დადასტურებულია საქართველოს ხუთი მოქალაქის დაღუპვა. სამი მათგანი უკვე გადმოსვენებულია საქართველოში, ორი მოქალაქის გადმოსვენების პროცედურაზე კი საელჩოს საკონსულო სამსახური მუშაობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩომ პირველადი საჭიროების ნივთები ჩაიტანა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს საელჩო, გაზიანთეფში მოხმდარი დამანგრეველი მიწისძვრის პირველივე წუთებიდან, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საქართველოს მოქალაქეთა დასახმარებლად.