თურქეთში სამსაჯო კომიტეტის პრეზიდენტი და კიდევ ოთხი ადამიანი დააკავეს #1TVSPORT

16:10, 03.10.2026

თურქეთში გრძელდება ფეხბურთში სამსაჯო სისტემაში შესაძლო დარღვევების საქმის გამოძიება.

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება – პატიმრობა შეეფარდოს ე.წ. „მსაჯთა საქმეზე“ დაკავებული შვიდი პირიდან ხუთს. მათ შორის არის თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ცენტრალური სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელი ფერჰათ გიუნდოგდუ. კიდევ ორი პირი სასამართლო კონტროლის ქვეშ გაათავისუფლეს, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვითა და რეგულარული გამოცხადების ვალდებულებით.

გიუნდოღდუს გარდა, დაპატიმრებულია ფედერაციის მოქმედ მსაჯთა ასოციაციის ხელმძღვანელი ფერდი ქარადოორუქი, ცენტრალური სამსაჯო კომიტეტის ყოფილი წევრი იუნუს ილდირიმი, ასევე ემრე ქოშიფი და ალიჯან საგლარი, რომლებსაც მსაჯებთან და დამკვირვებლებთან დაკავშირებულ სტრუქტურებში ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავათ.

გამოძიება სწავლობს მსაჯთა კლასიფიკაციის, მატჩებზე მათი დანიშვნის, შეფასებებისა და წესების გამოცდების ჩატარების პროცესებში შესაძლო ჩარევის ფაქტებს. საქმის ფარგლებში ასევე განიხილება ბრალდებები ოფიციალური დოკუმენტების გაყალბების, ნდობის ბოროტად გამოყენებისა და პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების მუხლებით.

მანამდე პოლიციამ თურქეთის რამდენიმე ქალაქში ჩაატარა ჩხრეკა, მათ შორის შეამოწმა VAR-ის ოთახი ფედერაციის ოფისში.

მსგავსი