თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობიდან სამი წელი გავიდა. ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ რამდენიმე ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
„ვიდრე თურქეთს ჰყავს ჯარისკაცები, პოლიცია და დაზვერვა, ვერავინ მოახდენს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა პოლიციის შენობაში გამართულ ღონისძიებაზე.
ერდოღანის თქმით, ვერავინ მოახერხებს თურქეთის დაჩოქებას, ვიდრე ქვეყნის დემოკრატიის დასაცავად სხვადასხვა ინსტიტუცია გამართულად მუშაობს.
თურქეთში 15 ივლისი დემოკრატიისა და ერთიანობის დღედ არის გამოცხადებული. ეს დღე თურქეთში უქმეა.
2016 წლის სახელმწფიფო გადატრიალების მცდელობაში თურქეთის ხელისუფლება ამერიკაში მცხოვრებ თურქ სასულიერო პირს, ფეთჰულა გიულენს და მის ორგანიზაციას ადანაშაულებს.
15 ივლისის ღამეს თურქეთში განვითარებული მოვლენების დროს 251 ადამიანი დაიღუპა, 2200-ზე მეტი დაშავდა.
მას შემდეგ ფეთჰულა გიულენთან თანამშრომლობის ბრალდებით ქვეყანაში ასობით ათასი ადამიანი დააკავეს და სამსახურებიდან გაათავისუფლეს.