თურქეთში საგანგებო მდგომარეობა სამი თვით გაახანგრძლივეს
თურქეთში საგანგებო მდგომარეობა სამი თვით გაახანგრძლივეს

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით გაახანგრძლივეს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ბექირ ბოზდაგმა გააკეთა.

საგანგებო მდგომარეობა, რომელიც თურქეთში 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ არის გამოცხადებული, უკვე მეექვსედ გაახანგრძლივეს.

ამ დროის განმავლობაში დაკავებულია 50 000-ზე მეტი ადამიანი, 150 000 კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
საგანგებო მდგომარეობის პირობებში პრეზიდენტსა და მის კაბინეტს შეუძლია დიდი გავლენის მოხდენა კანონების მიღების პროცესზე, ასევე შეუძლია განუსაზღვრელად შეზღუდოს ან გაზარდოს ვინმეს უფლებები და თავისუფლება.

საგანგებო მდგომარეობის გადავადება უფლებადამცველი ჯგუფებისა და თურქეთის დასავლელი მოკავშირეების შეშფოთებას იწვევს. ისინი შიშობენ, რომ ამ გზით ერდოღანს ნატო-ს წევრი ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს.

თურქეთის ხელისუფლებაში კი განმარტავენ, რომ ეს უკიდურესი ზომები ქვეყანაში უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის და ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერების განეიტრალებისთვის აუცილებელია. თურქეთის მთავრობა პუტჩის მცდელობის ორგანიზებაში ბრალს ამერიკაში მცხოვრებ თურქ სასულიერო პირს სდებს. გიულენი ამ მოვლენებთან რაიმე კავშირს უარყოფს.