თურქეთში რესტორნები, კაფეები და დასასვენებელი პარკები დღეიდან იხსენება
თურქეთში რესტორნები, კაფეები და დასასვენებელი პარკები დღეიდან იხსენება

თურქეთში დღეიდან რესტორნები, კაფეები და დასასვენებელი პარკები იხსენება. ასევე დაშვებული იქნება ქალაქებს შორის გადაადგილებაც.

როგორც გამოცემა „ჰურაიეთი“ იუწყება, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ახალ ეტაპზე, რესტორნებისა და კაფეების მფლობელებს ჰიგიენის მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ. მომხმარებელთა მაგიდები ერთმანეთისაგან 1,5 მეტრით უნდა იყოს დაშორებული. ჭურჭელი კი, ერთჯერადი იქნება. მომსახურე პერსონალს უნდა ეკეთოს პირბადე და ხელთათმანი. კაფეები და რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ.

გაიხსნება ასევე ზღვის სანაპიროები და რეკრეაციული პარკები. თუმცა გადაადგილება კვლავ შეზღუდული აქვთ 55 წელს გადაცილებულ და 18 წლამდე მოქალაქეებს. არასრულწლოვნებს ქუჩაში გასვლა კვირაში მხოლოდ ორ დღეს, განსაზღვრულ დროს შეეძლებათ. ამასთან, მოზარდებსა და ბავშვებს მშობლებთან ერთად ქალაქებს შორის გადაადგილება აკრძალული არ აქვთ.

დღესვე თურქეთის სახელმწიფო მოხელეების დიდი ნაწილი სამსახურში დაბრუნდება.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ით, საერთო ჯამში, 163 942 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 4 540 ადამიანი. ამ დროისთვის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 648 პაციენტი რჩება.