თურქეთში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 650-ს გადააჭარბა, დაშავებულია 11 100-ზე მეტი ადამიანი
თურქეთში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 650-ს გადააჭარბა, დაშავებულია 11 100-ზე მეტი ადამიანი

თურქეთის სამხრეთ ნაწილში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 650-ს გადააჭარბა, დაშავებულია 11 100-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის შედეგად გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ განახლებულ მონაცემებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჩა ავრცელებს.

6 თებერვალს, გამთენიისას 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ქაჰრამანმარაშთან დაფიქსირდა. ბიძგები იყო თურქეთის ათამდე პროვინციაში, მათ შორის გაზიანთეფში, დიარბაქირში, ადანაში, სანლიურფაში, ჰათაიში, მალათიასა და ქილისში. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 წუთზე დაფიქსირდა 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქტაის განცხადებით, ქვეყანაში დაფიქსირდა 145 განმეორებითი ბიძგი, რომელთა ნაწილის სიმძლავრე 7 მაგნიტუდას აღემატებოდა. სტიქიამ დაანგრია 3 740-ზე მეტი შენობა.

მიწისძვრა დამანგრეველი აღმოჩნდა თურქეთის მეზობელი სირიისთვისაც, სადაც 800-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულია ასობით ადამიანი.