თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია, ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, იზმირის, აიდინის, მანისასა და ბალიკესირის პროვინციებში საერთო ჯამში 804 ადამიანი დაშავდა.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფარჰეთინ კოჩას განცხადებით, ამ დროისთვის 435 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 25 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. 364 ადამიანი კი, საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

თურქეთის კატასტროფების მართვის სააგენტოს მონაცემებით, 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 389 ბიძგი მოჰყვა, 33 მათგანი კი 4 მაგნიტუდაზე ძლიერი იყო. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ მცირე 100 ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. იზმირში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ცხრა შენობაში უკვე დასრულდა და ამ დროისთვის რვა შენობაში გრძელდება.