ადგილობრივი მედიის ცნობით, თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3.5 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა
ადგილობრივი მედიის ცნობით, თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3.5 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3.5 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა, 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში დღეიდან დაიწყო.

თურქეთში მასობრივი ვაქცინაცია 14 იანვრიდან მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ვაქცინა სამედიცინო პერსონალსა და საზოგადოებაში ვაქცინაციის მიმართ ნდობის გაზრდის მიზნით, მაღალჩინოსნებს გაუკეთდათ.

გასული წლის დეკემბრიდან თურქეთში სამუშაო დღეების განმავლობაში კომენდანტის საათი საღამოს საათებშია დაწესებული, შაბათ-კვირას კი სრული კომენდანტის საათი მოქმედებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 2.5 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის პანდემიამ 27 187 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა, 2.45 მილიონი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.