თურქეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებითი შეზღუდვები წესდება
თურქეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შაბათ-კვირას კომენდანტის საათი წესდება.
როგორც სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ამის შესახებ პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ანკარაში მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.
თურქეთის ლიდერის თქმით, კომენდანტის საათი მხოლოდ შაბათ-კვირას იმოქმედებს და მის ფარგლებში ქუჩაში გადაადგილება შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან 20:00 საათამდე.
ამასთან, გარეთ გასვლა შეეზღუდათ 20 წლამდე პირებს. მათ სახლებიდან გასვლა მხოლოდ 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეძლებათ. გასულ კვირას ანალოგიური შეზღუდვა ამოქმედდა 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.
ამასთან, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე დახურული იქნება კინოთეატრები. სავაჭრო ცენტრები, და სილამაზის სალონები იმუშავებს მხოლოდ 10:00-დან 20:00 საათამდე. რესტორნებში კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ საკვების მიწოდების მომსახურებით სარგებლობა.
ქვეყანაში სასწავლო პროცესი წლის ბოლომდე დისტანციურად გაგრძელდება, სპორტული ღონისძიებები კი კვლავ მაყურებლის გარეშე ჩატარდება.